ახმეტის რაიონის სოფელ მატანში X საუკუნის „სამების"ეკლესია ინგრევა. „სამება" მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ჭერი ნახევრად ჩამონგრეული აქვს, კედლებიც ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ფრესკები ნადგურდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა განუცხადა, ტაძარში უნიკალური ფრესკები და წარწერებია შემორჩენილი.
„საყდარში არის ფრესკები, სადაც წმინდანების გარდა გამოსახულები არიან საერო პირებიც, „სამების" გვერდით არის დიდი ეკლესიის ნანგრევი, იქვეა „სასახლეებად" წოდებული დიდი ადგილი, სადაც არის კიდევ სხვა ეკლესიების ნანგრევები, სასახლის ნაშთები, ნასახლარები, აუზები, ეს ყველაფერი ერთიან კომპლექსს წარმოადგენს, საიდანაც მხოლოდ „სამებაა" შემორჩენილი და თუ დროზე არ ჩაუტარდა რესტავრაცია, ისიც დაინგრევა", - აღნიშნა ჭიჭიაშვილმა.
მისი თქმით, კომპლექსი სავარაუდოდ დიდ ფეოდალს ეკუთვნოდა და იქ ვინც ცხოვრობდა, აკონტროლებდნენ კვეტერასა და პანკისისკენ მიმავალ გზას.