სახალხო დამცველის აპარატი სოლომონ ქიმერიძესთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით ხაშურის რაიონული პოლიციაში კიბის მოაჯრიდან მიღებული მრავლობითი დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, როგორც აღინიშნა, ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო პოლიციის კონტროლის ქვეშ, რაც ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტრიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს.
"მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიეტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, მივმართავთ გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ს.ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას", - აღნიშნულია სახალხი დამცველის განცხადებაში.
ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, გამოძიების წარმოებისას ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა „წარმოდგენილი".
"ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა როგორც ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ქონდა თავისუფლება", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ავთანდილ სამსონიძემ განუცხადა, 2012 წლის 27 თებერვალს, ნაშუადღევს, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ქვიშხეთში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, სოსო ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქიმერიძე ნიკელის ჩაიდანისა და ალუმნის ქვაბის მოპარვაში იყო ბრალდებული.