„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოიწოდებს 15 წლის მოსწვალეს მიხეილ ალექსიძეს უკანონოდ ჩამორთმეული უფლებები აღუდგინოს. ამის შესახებ თარგამაძემ დღეს, პარესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ალექსიძის დედასთან, ლალი ლეკიშვილთან ერთად გამართა.
მისი თქმით, დღევანდელ პრესკონფერენციის მიზანი პოლიტიკური ბრალდებების წაყენება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში დებატების დროს მიხეილ ალექსიძის მიმართ გაკეთებული განცხადებებით, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.
„გადავდოთ ჩემს მიმართ შეფასებები, კერძოდ ვარ თუ არა მაფიოზი და ვიცავ თუ არა კრიმინალური მენტალიტეტის ახალგაზრდებს. ამას საზოგადოება განსჯის. მივმართავ მიხეილ სააკაშვილს თხოვნით, რომ ნუ გაჯიუტდება, შეეშვას ამ ერთი კონკრეტულ ბავშვთან ჭიდილს და მიხეილ ალექსიძეს აღუდგინოს მისთვის უკანონოდ წართმეული უფლებები", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ალექსიძესა და მის ოჯახს იგი პირადად იცნობს, რომელიც ყოველგვარი კრიმინალური მენტალიტეტისგან თავისუფლი ახალგაზრდაა.
თარგამაძეს იმედი აქვს, რომ #53 საჯარო სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მიერ მოსწავლის მიმართ კანონის დაღევას, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშითაც მტკიცდება ხელისუფლების მხრიდან შესაბამის გადაწვეტილება მოყვება და მას თანამდებობიდან მოხსნიან.
„შავშიშვილი საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას და არ აძლევს საშუალებას განათლება მიიღოს. მისი მხრიდან ადგილი აქვს კანონდარღევას, რომელზეც პასუხი უნდა აგოს", - მიაჩნია დეპუტატს.
მისივე თქმით, დღეს სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას ეხება.