გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებს. როგორც ვესტერველემ განაცხადა, ლუკაშენკო ახორციელებს ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა უნდათ.
"ლუკაშენკო ევროპის უკანასკნელი დიქტატორია. ის ახორციელებს ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა უნდათ. ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება იმ რეპრესიებზე რაც ევროპაში ჩვენს მეზობლად ხორციელდება", - განაცხადა ვესტერველემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ ბელორუსიდან ელჩების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. დიპლომატიური კონფლიქტი ევროკავშირსა და ბელორუსს შორის 21 პირის - ორი მაღალჩინოსანი პოლიციელისა და 19 მოსამართლის მიმართ სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები ოპოზიციაზე ზეწოლასა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების მონაწილენი არიან.
პასუხად ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუკრძალავს ქვეყანაში შესვლას ევროპული სანქციების ინიციატორებს. ამის შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ბელორუსიდან საკუთარი ელჩების გაწვევის შესახებ განაცახდა.
მცირე ხნით ადრე ბელორუსში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და პოლონეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, ევროგაერთიანებაში ბელორუსის მუდმივი წარმომადგენელი და პოლონეთში ბელორუსის ელჩი კი, მინსკმა გაიწვია.
ამ დროისთვის ევროკავშირის შავ სიაში ბელორუსის 220 ჩინოვნიკის გვარია შესული, მათ შორის არიან პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი ორი ვაჟი.