საქართველოში სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მოსახლეობის 50% იმყოფება. ამის შესახებ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე "ევროპული დემოკრატების" ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა, თუმცა რეალურად დღეს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მოსახლეობის 50% იმყოფება და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.
"თქვენ საუბრობთ საერთაშორისო რეიტინგებში წარმატებებზე, ამაყობთ ქვეყნის ეკონომიკური ინდექსის მოჩვენებითი მერყეობით, სიღარიბის დონის შემცირებით, ხსნით ახალ მოედნებს, სასტუმროებსა და საავადმყოფოებს, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარება", - მიმართა დავითაიამ პრეზიდენტს და დასძინა, რომ საერთაშორისო მონაცემებით ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველომ 29-ე ადგილიდან 34-ზე გადაინაცვლა.
დეპუტატმა ყურადღება უმუშევრობის პრობლემაზე გაამახვილა და დასძინა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ნომერ პირველ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს.
"სიღარიბის შემცირებაზე საუბარი არ გეჩვენებათ, რომ სულ ცოტა უხერხულია? მართალია, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენას ვერ ახდენს. მასობრივი სიღარიბის გამო ათასობით სტუდენტი სწავლის გადასახადს ვერ იხდის და იძულებულია უმაღლეს განათლებაზე საერთოდ უარი თქვას, მათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტური სტატუსი აქვთ შეჩერებული", - განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
"მთავრობის არაერთი განცხადების მიუხედავად, ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, რომელიც გარანტორია ეკონომიკის აღმავლობისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა. გასულ წელს ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს თან არ ახლდა შემოსავლისა და ხელფასების ზრდა. პენსიებმა მხოლოდ მიზერულად მოიმატა, რაც შეუსაბამოა გაძვირების დინამიკასთან მიმართებაში", - აღნიშნა დეპუტატმა.