საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას ნარკომანიასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
"მინდა მოგახსენოთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ, რომელიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ბრძოლას ითვალისწინებს. წლების განმავლობაში ჩვენ ულმობლად ვებრძოდით ნარკომაფიას, ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამავრცელებლებს. ამან ხელშესახები შედეგი გამოიღო - 2007 წლის შემდეგ ნარკოდანაშაულმა 53 პროცენტით იკლო, ანუ განახევრდა უმთავრესი საფრთხე ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ ბრძოლას მეორე მხარეც აქვს - ეს არის ზრუნვა ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე.
"შემოვდივარ ინიციატივით - თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ისევ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოვახმაროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა: "ამასთანავე, მომავალშიც ულმობელნი ვიქნებით ნარკოგამსაღებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ბრძოლა სამართალდამცავთათვის პრიორიტეტად დარჩება".