"უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ძალიან გართულდება თუ მუდმივად არ ვიზრუნებთ ჩვენი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის", - ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქარტველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ამისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და იმ ახალი საქმის დაუფლება, რომელზედაც უფრო დიდი მოთხოვნაა ბაზარზე.
" ღრმად მწამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, ანდა ახალი პროფესიის დაუფლება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას, ერთი მხრივ, ვაშენებთ ახალ, გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს - 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება. ხოლო მეორე მხრივ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000-ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ, გარდა ამისა, იწყება "პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ოც ქალაქში ერთდროულად 20 ათას ადამიანი გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში.