"თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი რომელიც გარიცხეს 53-ე სკოლიდან იმისათვის რომ დირექტორზე გაიქაჩა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისათვის გიორგი თარგამაძისათვის პასუხის გაცემისას, რომელიც 13 წლის მიხეილ ალექსიძის საკითხს ეხებოდა.
"ხულიგანმა, რომელიც დირექტოზე გაიქაჩა მერე თქვა რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი ისე არსად არ ვისწავლიო. კარგად მახსოვს ეგ ისტორია და მახსოვს იმის გამო, რომ ეს უკვე გამონაკლისია. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ საქართველოს სკოლებს და საქართველოს კლასებს. დღეს კი თქვენი შვილები და ჩვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია რომ ვიღაცა გაიყვანს შესვენებაზე და დანას გაუყრის როგორც ეს იყო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, - "სანამ მე მომეკითხება მინდა რომ კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არ დაბრუნდეს ჩვენს სკოლებში და სკოლა იყოს 100 პროცენტით უსაფრთხო".
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი თარგამაძე პარლამენტში მიმდინარე დებატებისას, 13 წლის მიხეილ ალექსიძის პრობლემას შეეხო, რომელიც 53-ე სკოლიდან გარიცხეს.
„მე დღეს აქ წარმოვადგენ ოჯახს 53-ე სკოლის ყოფილი მოსწავლის, 13 წლის მიხეილ ალექსიძის, რომელიც არის სტიქაროსანი, საოცრად პატიოსანი, დირექტორის ახირებით, სახელმწიფომ კონსტიტუციის უფლების დარღვევითა და სახალხო დამცველის უმწვავესი რეკომენდაციის უგულებელყოფით ფაქტობრივად განათლების მიღება აუკრძალა. 4 თვეა მიხეილის დედა, რომელსაც იგივე 53-ე სკოლაში კიდევ ერთი შვილი და სახლში პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე ჰყავს, სკოლიდან სკოლაში უშედეგოდ დადის უხეში სახელმწიფო მანქანით დათრგუნული, დიაბეტით დაავადებული ბავშვისთვის სწავლის უფლების დასაბრუნებლად", - განაცხადა თარგამაძემ.