საქართველოს და დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე - რას აპირებს სააკაშვილი. ეს კითხვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს დაუსვა.
მისი შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირის ხელისუფლებაში მოსვლაზე მეტად მისი წასვლის თემა კვლავ ძალიან აქტუალურია.
„არ გვყოლია პრეზიდენტი, რომელსაც თანამედროვე საქართველოსთვის შეცდომებთან ერთად სიკეთე არ გაეკეთებინოს, თუმცა ყველა ეს სიკეთე განადგურების პირას მისულა, როცა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი ღირსეულად წასვლისა და მემკვიდრეობაზე ფიქრის აუცილებლობას გადასძლევდა. თქვენ, სწორედ თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი ამ მოჯადოებული წრის გარღვევის და საქართველოს განვითარების სრულიად ახალ ფაზაში გადაყვანის", - მიმართა საააკშვილს დეპუტატმა.
მისივე თქმით, ყველა საღად მოაზროვნე ქართველი და ქვენის უცხოელი გულშემატკივარი ნატრულობს ისეთ არჩევნებს, სადაც იდეების, პროგრამების, ხალხის რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული გეგმის და გუნდების თუნდაც ძალიან მწვავე, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია იქნება.
„ არ გჭირდება შეჯიბრი იმაში, თუ ვინ უკეთესად დაარწმუნებს კრიტიკულად განწყობილ ნაწილს საზოგადოებისა, რომ თქვენს პრემიერობას არ შეეგუება ანუ ისევ არშემდგარი რევოლუციონერების ყიჟინა „მიშა მოვდივარ", ახალი დაპირისპირება და ახალი გაურკვევლობა. ახლა მოგმართავთ არა როგორც ერთ-ერთი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, არამედ საქართველოს ლიდერს: საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე - რას აპირებს სააკაშვილი: ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს და მისი ლიდერის განსაკუთრებული დემოკრატიული მისიის შესახებ, თუ გაჰყვეს უკვე გატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნებისა", - განაცხადა თარგამაძემ.