საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი თარგამაძესა და მის მეგობრებს წარსულის გახსენება "არ ურჩია".
"წარსულის გახსენება არ არის ყველაზე ძლიერი ადგილი თქვენი და თქვენი მეგობრებისა, მე ასე მიმაჩნია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისათვის გიორგი თარმაგაძისათვის პასუხის გაცემისას.
"ჯერ მინდა მივესალმო იმას, რომ თქვენ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე. წარსულის გახსენება არ არის ყველაზე ძლიერი ადგილი თქვენი და თქვენი მეგობრების მე ასე მიმაჩნია. ჯერ ერთი მე იმიტომ მივესალმები დებატების ტონს, რომ მთავრობის ფუნქციაა ვთქვათ რომ ჭიქა არის ნახევრად სავსე და თქვენი ფუნქციაა რომ თქვათ რომ ჭიქა არის ნახევრად ცარიელი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "როცა ჩვენ მოვედით ეს ჭიქა მთლიანად ცარიელი იყო".
"ეს არის განსხვავება - როცა ჩვენ მოვედით თქვენ საუბრობდით მასწავლებლებზე, მასწავლებლებს ქონდათ 30-40 ლარი ხელფასი და ამასაც თვეობით ვერ იღებდნენ. მასწავლებლები იჯდნენ კლასებში, ბავშვები იყვნენ ხელგაყინულები აგროვებდნენ 3 ლარს 5 ლარს, საკვამურები ჰქონდათ გამოყოფილი, რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ და აჩვენოთ უამრავი სკოლა რომელიც არ არის ბოლომდე გარემონტებული და ამას ვერავინ დაგიშლით და ეს არის თქვენი ფუნქცია როგორც ოპოზიციის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ:
"ჩემი გეგმებია საქართველოში ყველა სკოლა იყოს ისეთი, როგორიც არის ჰოლანდიაში, შვეიცარიაში ამერიკაში და ამას მე მოვესწრები და მე ვიქნები ამ პროცესის მონაწილე", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.