„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ხალხს თვითრეალიზაციის მეტი შანსი მისცეს და არა ერთჯერად ეფექტებზე გათვლილი ვაუჩერები.
პარლამენტში გამართულ დებატებზე თარგამაძემ შედარება „ქრისტიან-დემოკრატებისა" და „ნაციონალური მოძრაბის" ინტერესებს შორის გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკა დიდი ჰესების მშენებლობასა და მაღალ ტარიფებზე გადის, ხოლო მათი ენერგოუსაფრთხოებასა და სატარიფო განაკვეთის შემცირებაზე.
„თქვენი საზრუნავი არის ლაზიკათ-მშენებლობის მეგალომანიური პროექტები, ჩვენი საზრუნავია კონკრეტული ადამიანი თავის კონკრეტული პრობლემებითა და საფიქრალით. თქვენ ააშენეთ სახელმწიფი სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დეჰუმანიზებულია, ხოლო მეორეს მხრივ, აკლია სამართლიანობა. ჩვენი საზრუნავია ავაშენოთ ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანური და სამართლიანი საქართველო. მარტივად რომ ვთქვათ: ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა უდრის თქვენი მმართველობის ფორმულის დაძლევას", - მიმართა თარგამაძე სააკაშვილს.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება არა ერთ პარტიაზე მორგებული კვაზი ეკონომიკა, არამედ ეკონომიკა, რომელიც მთელს ქვეყანაზე მუშაობს და რომელიშიც მთელი ქვეყანა მუშაობს.
„დროა გადავიდეთ სახელისუფლო ჯგუფების მიერ „მართვადი კაპიტალიზმიდან" თავისუფალი ეკონომიკისკენ - ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კონკურენცია თავისუფალი ფასებისათვის. მხოლოდ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა და პოლიტიკური ნების ქონა უზრუნლველყოფს დაბალ ფასებს. ჩვენ გვჭირდება კონკურენცია ბაზარზე, სადაც ყველაფერი (და განსაკუთრებით ფასები) რეგულირდება ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების და არა ნაციონალების მოთხოვნისა და მათთვის ხარკად შეწირვის საფუძველზე. მნიშვნელოვანია ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზაციის მეტი შანსი და არა გაუაზრებელი, ერთჯერად ეფექტებზე გათვლილი ვაუჩერების მსგავსი დახმარებები, რომელთა გადაცემის პიარცერემონია დეპუტატების, მინისტრების და ადგილობრივი ჩინოვნიკების მონაწილეობით ლამის იმაზე მეტი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე თავად ვაუჩერის შეღავათი", - განაცხადა თარგამაძემ.