"ქართველი ერის ისტორიული არჩევანია დასავლეთი, მაგრამ ჩვენი რეგიონია კავკასია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება არ შეიძლება განიხილებოდეს კავკასიური უსაფრთხოების გარეშე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
"ამიტომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საერთო კავკასიური განვითარებისთვის და ყოველთვის ვიაქტიურებთ კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მეგობრობაში. საქართველო მყარად უჭერს მხარს სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის პრინციპს, თუმცა ჩვენ კავკასიას განვიხილავთ როგორც ერთ რეგიონს და საქართველო არის ამ რეგიონში მშვიდობის, ძალადობის შეჩერებისა და განვითარების ლოკომოტივი. კავკასიური ერებისთვის საქართველო არის ფანჯარა ევროპაში", - განაცხადა მან.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მჭიდრო კავშირის კრავს დასავლეთთან, მაგრამ, ამავე დროს, დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.
"ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს, დავამყაროთ მასთან მშვიდობა. ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას. სწორედ ამიტომ, დიდი შრომისა და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, მივეცით რუსეთს საშუალება, გამხდარიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი", - განაცხადა მან.