საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, საათსა და 3-წუთიან გამოსვლაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უხსენებია.
პრეზიდენტს სხვა წლებისგან განსხვავებით აფხაზი და ოსი თანამემამულეებისათვის არც "მეგობრობის ხელი" გაუწვდია და არც რაიმე ინიციატივა შეუთავაზებია.
წლევანდელ ანგარიშში საქართველოს პრეზიდენტს არც ის "ბერლინის კედელი" უხსენებია, რომელსაც რუსეთის იმპერიული მანქანა ენგურის ხიდზე აშენებს. პრეზიდენტის ანგარიშში არც ამ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ აშენებული უკვე 20 ზე მეტი სამხედრო ქალაქის მშენებლობის ხსენებისათვის მოიძებნა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის", "უმუშევართა კავშირის", "თავისუფალი ასოციაციის კავშირისა" და პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციაზე სიმბოლურად ცარიელი ქვაბები მიიტანეს და ამ ქვაბებზე კოვზების დარტყმით გამოხატეს პროტესტი პარლამენტში პრეზიდენტის მისვლასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას, ასევე, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა.