"ჩვენი გეგმის მესამე ელემენტი არის ჯანდაცვა - 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.
გასული თვეების განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო სულ ახლო წარსულში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას.
მისვე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ 30 დღეში გახსნა 30 ახალი საავადმყოფო, დღეისათვის უკვე 90-მდე ახალი, თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 40-ზე მეტი საავადმყოფოს გახსნა - შედეგად, 2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებულება იქნება, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ჯანდაცვის პროცედურებისათვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
"ეს არის ნამდვილი გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ათვლის წერტილი, რადგან ვიდრე ახალი საავადმყოფოები არ იყო - საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ჯანდაცვა - იყო დედაქალაქში თავმოყრლი მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის მათში მოხვედრა, ბევრი ფაქტორის გამო, შეუძლებელი იყო", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ "ამასთანავე, საქართველოში ვქმნით მსოფლიოში მოწინავე მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ახალ შესაძლებლობებს - მაგალითად, ისეთის, როგორიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციებია. თანამედროვე მედიცინაში ეს დღეს ეფექტურად გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიც ციროზი, ლეიკოზი და სხვა".
საქართველოს პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ჯანდაცვის რეფორმით, რეფორმით მოხერხდა არა მარტო ჯანდაცვის გეოგრაფიის გაფართოება, არამედ სოციალური თანასწორობის ძალიან მძლავრი მექანიზმის შექმნა.
"მე თითქმის ყოველი მორიგი საავადმყოფოს გახსნაზე პირადად ჩავდივარ და მაქვს პატივი თავად წავიკითხო ამ თანასწორობის განცდა თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალებში - ეს არის განცდა სიამაყის, რადგან უეცრად ის, რაც აქამდე მისთვის არ არსებობდა, დღეს მისი საკუთრებაა; ის; რაც ადრე მხოლოდ თბილისის ელიტას ეკუთვნოდა, უეცრად მთელი საზოგადოების კუთვნილება გახდა", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ჯერაც ბევრი ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება რასაც მისი საფულე ვერ გაწვდება.
"ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.
2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება.
2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი;
სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.
და ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი ოჯახის ცხოვრებაში", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.