"ჩვენი გეგმის მნიშვნელოვანი ელემენტია სოფლის მეურნეობა. სოფელი ჩვენი ქვეყნის სული და გულია. ძნელია ჩვენს შორის მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისი ფესვებიც არ მოდის სოფლიდან", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე.
ჩვენი ქვეყნის წარმატება არაფერს მოიტანს თუ ამ წარმატების გამზიარებლად არ იქცა სოფლის მეურნე. ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოვება. ამისათვის უპირველესი რესურსი დამუშავებული და მორწყული მიწაა.
ამიტომ დღეს ვაცხადებ საქართველოს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამას, რომელის ფარგლებშიც გასარწყავდება 18 ათასი ჰექტარი, ხოლო 3 ათასი 800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, ირიგაციის გარდა, წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის მექანიზაციის დღეს არსებული არასაკმარისი მასშტაბები. თანამედროვე სოფელი ვერ განვითარდება მაღალი დონის მექანიზაციის გარეშე.
"ამიტომ 2012 წელს გაიხსნება მექნიზაციის 12 ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირებულობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე.
უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს; ამ წლის 1 ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით - რაც მთავარია ეს ყველაფერი რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის - ისევე, როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორების კონსულტაციები და დახმარება", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ რასაკვირველია ტექნიკა და მორწყული მიწა უმნიშვნელოვანესი შემედგანელია სოფლის მეურნეობის წარმატებისთვის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მარტო ეს საკმარისი არ იქნება თუ ფერმერს არ ექნა საშუალება აითვისოს ახალი ტექნოლოგიები და დაეუფლოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნას.
"ამიტომ 6 მექანიზაციის ცენტრს ასევე მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია.
ამ ცენტრებში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება. ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, მცენარისა და წყლის ანალიზის გაკეთებაში.
ცენტრებში დამონტაჟდება ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგურები; ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ინფრასტრუქტურით, სადაც ფერმერები და დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდება ახალი ტექნოლოგიებისა და სათესლე პროდუქციის გამოყენებაში",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მოსავლიანობის ცენტრების მეშვეობით ნებისმიერი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სხვადასხვა ტიპის სასუქი და პესტიციდი; მაღალი კვალიფიკაციის აგრონომების კონსულტაცია მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე;
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოსავლიანობის ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე ტქნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთებით, სადაც ფერმერები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი კულტურებისა და ჯიშების წარმოების პროცესებისა და სხვადასხვა პროდუქციის მოსავლიანობის თაობაზე.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც ყველა შრომისმოყვარე სოფლის მეურნეს საშუალებას მისცემს საკუთარ ოჯახში, საკუთარ კარმიდამოში იგრძნოს ქვეყნის წინსვლა.
ჩვენ მიზანია სოფლის წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ფერმერის უკეთესი ცხოვრებისთვის", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.