საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.
"მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივარ ინიციატივით, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გავაუქმოთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება. ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. დაე, ყველა რუსმა მოქალაქემ იცოდეს რომ შეუძლია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ძალადობისგან, თავისუფალია ადამიანის ღირსების შელახვისგან, ბიუროკრატიული წნეხისგან და იცოდნენ მათ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ, მიეფიცხონ მზეს და არავინ დაუშლის აქ ასე მონატრებულ ბორჯომის და ქართული ღვინის დალევას", - განაცხადა სააკაშვილმა.