საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ვადები დღეს დააზუსტა. კომისიის სხდომა დღეს პარლამენტში გაიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდე ჩატარებასთან დაკავშირებით ოთხი კონკრეტული საკითხი განისაზღვრა.
პირველი საკითხი ეხება იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 1-ლი ივნისისა. კონსტიტუციის ამ მუხლში უნდა ჩაწერილიყო ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განსაზღვრა მოხდებოდა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განსაზღვრა და დაზუსტება აღარ მოხდება და ჩაიწერება მხოლოდ ის, რომ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები, რაც ვეფხვაძის თქმით, გამოიწვევს ყველანაირი გაუგებრობის თავიდან აცილებას.
მეორე საკითხი დარჩა უცვლელად და კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ "ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდება საყოველთაო თანასწორი პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში".
რაც შეეხება მესამე მუხლს, კანონპროექტის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა. 45-დღიანი ვადა კი დღეს კომისიის სხდომაზე 60-დღიანი ვადით შეიცვალა.
აღასანიშნავია რომ ეს მოთხოვნაც ქრისტიან-დემოკარტებმა დააყენეს. ლევან ვეფხვაძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ვადა გნსაზღვრულია 60 დღით და კონსტიტუცია და კანონმდებლობაც შესაბამისობაში უნდა იყოს. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ამით განისაზღვრებოდა ის, რომ საქართველოს პარლამენტს უნდა უზრუნველყო კონსტიტუციის ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა ამ მუხლთან.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი გადაწყდა რომ სამთვიანი ვადა არის დიდი, ვიანიდან კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლს პარლამენტი მიიღებს თებერვალში და შესაბამისად კანონპროექტში სამთვიანი ვადა ერთ თვიანი ვადით შეიცვალა.