დღეს,27 თებერვალს, 15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში, მინისტრი ნიკოლოზ რურუა თბილისის კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას" ახალ ინსტრუმენტებს გადასცემს. სამინისტროს დაფინანსებით ორკესტრმა შეიძინა 9 ვიოლინო, 3 ალტი, 1 ვიოლა და გამბა (ჩელოს ნაირსახეობა), 1 ჩელო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კულტურისს სამინიტროდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან ორკესტრის წევრები, მუსიკოსები, მუსიკალური საზოგადოება, მოწვეული სტუმრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
„საქართველოს სინფონიეტა" იქნება პირველი კოლექტივი ამიერკავკასიაში, რომელიც ბაროკოსდროინდელი საკრავებით აღიჭურვა და ამდენად შეძლებს ბაროკოს მუსიკის აუთენტური ჟღერადობით შესრულებას. პირველად საქართველოში ქართველი მუსიკოსები ამ ჟღერადობით ბახის, ჰენდელის, სკარლატის, ვივალდის, მონტევერდის ნაწარმოებებს შეასრულებენ; ეს კი, უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ორკესტრის რეპერტუარს, შემოქმედებით ცხოვრებას და გააფართოვებს მათ საკონცერტო არეალს საქართველოსა თუ უცხოეთში.
ასევე, კამერულ ორკესტრს „სინფონიეტას" საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი გადასცემს გერმანული წარმოების რამდენიმე ბლოკ-ფლეიტას და მუსიკალური საზოგადოების სანოტო ბიბლიოთეკას.
მოწვეული სტუმრებისათვის პრეზენტაციის დასასრულს „სინფონიეტა" რამდენიმე ნაწარმოებს შეასრულებს: მოცარტის ერთ-ერთ ადრეული სიმფონია, ვივალდი - უვერტიურა "ოლიმპიადა".
ბაროკოს მუსიკა წარმოიშვა XVI-XVII საუკუნეებში იტალიაში, აღორძინების ეპოქის ბოლოს, იგი წინ უსწრებდა კლასიციზმის ეპოქას. დამკვიდრდა ჯერ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში, მოგვიანებით მუსიკაში. ბაროკოს ეპოქა ითვლება "დასავლური ცივილიზაციის" ტრიუმფალური სვლის დასაწყისად. ამ პერიოდში გაფართოვდა და გამრავალფეროვნდა მუსიკალური ჟანრები, განვითარდა და გართულდა მუსიკალურ საკრავებზე ნაწარმოებების შესრულების ტექნიკა; წარმოიშვა ისეთი ჟანრი, როგორიც ოპერაა. ბაროკოს ეპოქაში შეიქმნა ბახის, ჰენდელის, სკარლატის, ვივალდის, მონტევერდის ნაწარმოებები, რომელთა მიმართ დღემდე არ განელებულა ინტერესი, ინტენსიურად ისწავლება და ჟღერს საკონცერტო ესტრადებზე საქართველოსა თუ უცხოეთში; აღსანიშნავია ისიც, რომ ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ტერმინების დიდი ნაწილი დღემდე გამოიყენება.
ინტერესი ბაროკოსდროინდელი საკრავების უჩვეულო ჟღერადობაშია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული სიმებიანი საკრავების ჟღერადობისგან.