თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოზე პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ლაშა ჩხარტიშვილმა და იქ მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელმა. სამუშაოს მწარმოებელი ამბობდა, რომ ჩხარტიშვილი მათ უკანონოდ უშლიდა ხელს, ხოლო ჩხარტიშვილი განმარტავდა, რომ სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობდ.
ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით პოლიციის თანამშრომლებმა ვერ დაადასტურეს ვერც ის, რომ ჩხარტიშვილი მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიკვიძის ბაღში პოლიციის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს, რომელიც მშენებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ორმოში იყო ჩასული, არ აძლევდა ტექნიკას და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას და ორმოდან არ ამოდიოდა.
ასევე, დააკავეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი.
დაკავებულებს შორისაა პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე. კიკვიძის ბაღში დღეს პოლიციამ აღნიშნული პირები საპროტესტო აქციისას დააკავა, რომელზეც ისინი ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობას და ხეების გაჩეხვას აპროტესტებდნენ.