რუსეთის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს საზღვრებს და ოფიციალურად სურს საქართველოს მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლა. ამის შესახებ მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელსაც მან ხელი საფრანგეთის შუამავლობით მოაწერა.
"რუსეთის მთავრობა არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ოფიციალურად სურს ჩვენი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლა. ასევე, არ აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელსაც მან ხელი საფრანგეთის შუამავლობით მოაწერა. ის ამბობს, რომ ვითარება შეიცვალა და ის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც მისი მიზეზით უსახლკაროდ დარჩა, ვერ დაბრუნდება საკუთარ სახლებში. თუმცა ჩვენ გვაქვს საოცარი ურთიერთობა სხვა მეზობლებთან. თურქეთთან ჩვენ გვაქვს უვიზო და უპასპორტო მიმოსვლა მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი საბუთებით. ჩვენ გვაქვს ახალი ტექნოლოგია საზღვრებზე. შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა პირადობის დამადასტურებელი საბუთით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსების უმეტესობასაც შეუძლია საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ ქართველებისთვის რუსეთში წასვლა, თითქმის, შეუძლებელია.
"ისინი ასევე ყოველთვის საუბრობენ ახალ აგრესიასა და ახალ კონფლიქტზე. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, წელს რუსეთიდან მილიონამდე ტურისტს ველოდებით. ზოგადად, მათ საოცარი შთაბეჭდილება რჩებათ საქართველოზე. ასე რომ, ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მივაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ის, რაზეც მინდოდა საუბარი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.