საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების მეთაურებთან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. როგორც გრიგოლ ვაშაძის უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სომბოლურია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების მეთაურებთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა კვლავ გააჟღერა უცნაური გზავნილი ქართველ ხალხთან მეგობრობის სურვილის შესახებ.
"სიმბოლურია, რომ მან ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას", - აღნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში.
განცხადების თანახმად, საგარეო უწყებისთვის ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში.
"საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად. რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად ვ.პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები, ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და ათასი ჯურის კრიმინალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობა აღდგება. პუტინი ქართველ ერს მოძმე ერს უწოდებს და იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს იმას, რომ რუსეთი არა მტერი, არამედ მეგობარია.