პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვანის რაიონის სოფელ ზეინდარისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ბაქრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, მიმდინარე წელს იმერეთში 100 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება, კერძოდ, აღდგება წყალტუბო, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო ქალაქი, ასევე მოხდება ქუთაისის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მშენებლობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასაქმებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ვანში ახალი საავადმყოფო გაიხსნება.
მან მოსახლეობას განუმარტა, რომ სექტემბრიდან ყველა პენსიონერსა და ექვს წლამდე ბავშვს სამედიცინო დაზღვევა ექნება და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გასამარტივებლად ყველა რეგიონში ადგილობრივი მედიაციის სამსახური შეიქმნება.
მოსახლეობამ ბაქრაძეს მაღალმთიან სოფლებთან მისასვლელი გზის განახლება სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო.
"აქაც იგივე დინამიკა და იგივე პრობლემებია, რაც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ბევრი რამ კეთდება და ბევრი რამაც გასაკეთებელია. ჩვენი ამოცანაა, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების გზით გავიგოთ რა აწუხებს ხალხს", - აღნიშნა ბაქრაძემ.