ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია აქვს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოსთან ქართულ მხარს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის ელჩის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტიც მათთვის უცნობი არ ყოფილა.
"რაც შეეხება საგანმანათლებლო პროექტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ. ეს არის იდეა, რომელიც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე საელჩოსთან თანამშრომლობა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯუდიტ გოფს შეხვდა, რომლის თქმითაც, აფხაზეთში განათლების, კულტურისა და ინგლისური ენის სწავლების სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობის განსახილველად ჩავიდა.