23-24 თებერვალს ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ვენაში გამართულ სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის: ეუთოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მედიის თავისუფლებაზე, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაზე და სხვა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს ასევე სერგეი მაგნიცკის, იულია ტიმოშენკოს და პოლიტპატიმარ ანდრეი სანნიკოვის საკითხს.
მისი თქმით, ასამბლეაზე ასევე საუბარი იქნება რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელზედაც ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ანგარიში იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე, განათლების უფლების ხელყოფაზე და იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს", - აღნიშნა წერეთელმა.