ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი დასრულების შემდეგ კი როგორც ქართული ის ე.წ. სამხრეთოსური მხარის წარმომდგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენის უფროსი და მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ოს ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მართალია ეს შეხვედრები ფუნდამენტალურ საკითხებს არ წყვეტენ, თუმცა ისინი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
"ვითარება გაცილებით უფრო მშვიდი გახდა. უკვე დიდი ხანია არ გაგვიგონია, რომ ვიღაც მოკვდა, დაჭრეს ან მოკლეს. ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს სულ უფრო ნაკლები ხდება დაკავებულების რიცხვი. არ ვიცი რამდენად უწყობს ყოველივე ამას ჩვენი შეხვედრები, მაგრამ ისინი მაინც გვეხმარებიან მდგომარეობის სტაბილიზებისათვის", _ განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა ისიც, რომ ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რომელიმე მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს არ უნდა იყოს.
თავის მხრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში რვა საკითხი იყო შეტანილი, რომელთაგან უმეტესი ოსურმა მხარემ დააყენა.
ჩიგოევი ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ უგზო-უკვლოდ დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის თამაზ კაბისოვის საკითხი დააყენა. ეს ადამიანი 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს გაქრა. "დღეს ჩვენს ამ მოთხოვნაზე იმდენად ფანტასტიური პასუხი წარმოგვიდგინეს, ბატონი უტიაშვილი პოლიციაში რომ არ მუშაობდეს ალბათ გაწილდებოდა", _ აცხადებს ჩიგოევი.
ამავე დროს მისივე თქმით, სეპარატისტებმა დღეს მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მათ პატიმრობაში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქისათვის სამუდამო პატიმრობის ვადის შეცვლა სთხოვეს.
მომდევნო შეხვედრა 20 მარტს გაიმართება.