უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21 სექტემბერს დილით რუსეთის ქალაქ უფას შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, სამრეწველო ზონაში, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილი“, რომლის წლიური სიმძლავრე 7.3 მილიონ ტონას შეადგენს. საწარმო რუსეთში მაღალი ოქტანობის ბენზინის წარმოების დაახლოებით 10%-სა და სხვადასხვა ტიპის ზეთების, მათ შორის საზღვაო, ჰიდრავლიკური და საავტომობილო ზეთების - 7%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
„ბაშნეფტ-ნოვოილი“, „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმთან“ და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანასთან.ერთად, უფის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს ქმნის, რომლის ჯამური წლიური სიმძლავრე 23.5 მილიონი ტონაა. ქარხნები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის საავიაციო ფედერალურმა სააგენტომ უფის აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დააწესა. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებების შესახებ იტყობინებოდა.
უფის ნავთობქიმიური კომპლექსი, რომელიც „როსნეფტის“ შვილობილ კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის, უკრაინული დრონების სამიზნე ადრეც არაერთხელ გამხდარა. გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმები 25 ივნისს, 1 და 8 ივლისს, ასევე აგვისტოში, სულ მცირე ოთხჯერ განხორციელდა.