საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის" წევრი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის კარლო კოპალიანის მტკიცებით, ლეჩხუმში „ნაციონალური მოძრაობა" დამარცხებულია.
კოპალიანმა დღეს გამარტთულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 თებერვალს პრეზიდენტმა ცაგერის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ლეჩხუმელების მოტყუება ვერ შეძლო.
მისი თქმით, პრეზიდენტმა გაღატაკებულ მოსახლეობასთან მხოლოდ გაბრწყინებულ საქართველოზე და მიღწეულ წარმატებეზე ისაუბრა და სამი თვის წინ გახსნილი საავადმყოფო კიდევ ერთხელ ზარ-ზეიმით გახსნა.
„ხალხს ეგონა, რომ პრეზიდენტი 2006 წელს მიცემული დაპირებების ანგარიშს ჩააბარებდა. ცაგერში დღემდეა შემორჩენილი ლოზუნგი „საქართველო სიღარიბის გარეშე" და „გაზი ყველა სოფელს", თუმცა, გაზი კი არა ტყეში არ უშვებენ გლეხს, რომ ჭიგო მოჭრას. პრეზიდენტი შვეიცარიის მსგავს ქვეყანაზე ესაუბრა გლეხებს, რომლებსაც უფილტრო სიგარეტის ფულიც კი არ უდევთ ჯიბეში და სახლში მხოლოდ ცივი მჭადი ელოდებათ", - განაცხადა კოპალიანმა და აქვე დასძინა, რომ 500-მდე დამეწყრილი ოჯახი დღემდე დახმარებას ელოდება.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, საავადმყოფოში, რომელიც „აისი ჯგუფმა" გახსნა, ადგილობრივი მოსახლეობის 80% ვერ შედის.
„პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ სცადა ჩაერეცხა ოპოზიცია, მაგრამ რეალურად, ლეჩხუმში „ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო ლურსმანი ჩააჭედა", - დასძინა მან.