ვალერი გელბახიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ ვალერი გელბახიანს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, გირაოთი - 50 000 ლარის ოდენობით და დაუყონებლივ განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებული და 2012 წლის 20 თებერვლამდე ძებნილი ვალერიან გელბახიანისთვის, 2008 წლის 02 თებერვალს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრების დადასტურების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარე ითხოვდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების დადასტურებას, ხოლო დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას გირაოთი 30 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ამასთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ ვალერი გელბახიანს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, გირაოთი - 50 000 ლარის ოდენობით და დაუყონებლივ განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანი დღეს გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.