"დემოკრატიული მოძრაობა" "სამართლიანი არჩევნების კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნულია, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს აუცილებლობას მათი ინიციატივის, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიების დადგენის ალტერნატიული კომისიას.
"ჩვენი ინიციატივის საფუძვლიანობა და აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული სიების აუდიტის შედეგები. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არათუ შემაშფოთებელი, არამედ საგანგაშოა. როგორც ანგარიშშია წარმოდგენილი, დაახლოებით 53%-ი ამომრჩევლისა დადასტურებულად ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე, 7%-ი კი გარე მიგრაციაშია, 9% შიდა მიგრაციაში იმყოფება, ხოლო 25 % ამომრჩევლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ მოხერხდა. მარტივი არითმეტიკითაც კი ნათელია, რომ ქვეყანაში ამომრჩეველთა 30-40%-ის, ადგილსამყოფელი დაუდგენელია და ალბათ ზედმეტი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ ეს ხმები რომელი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული და ვის მიეწერება აღნიშნული პროცენტი მომავალ არჩევნებზე", - მიიჩნევენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში.
განცხადების თანახმად, "ყოველივე ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რასაც "დემოკრატიული მოძრაობა" მუდმივად აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს მხოლოდ არჩევნების დღეს კი არ აყალბებს, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მას პრაქტიკულად უკვე გაყალბებული აქვს".
"ჩვენთვის გასაგებია, რომ სიების ალტერნატიული კომისიის მუშაობას სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. დღეს საბედნიეროდ ოპოზიციას უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების რეალური სურვილის პირობებში, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარდეს ყბადაღებული გაყალბებული სიების პრობლემა. ჩვენს გაკვირვებას იწვევს იმ ოპოზიციური პარტიების დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მითუფრო წინა წლებთან შედარებით უკიდურესად დამძიმებული საარჩევნო გარემოს პირობებში, რომლებიც პირდაპირ უცხადებენ საზოგადოებას, რომ უპირობოდ მოიგებენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.