"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმარია. პარტიის განცხადების მიხედვით, ვალერი გელბახიანის დაპატიმრება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად არ აინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების აზრი.
"მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები მყისიერად გამოეხმაურნენ ბატონი ვალერი გელბახიანის თხოვნას - მისთვის თავდებობის გაწევასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვალერი გელბახიანი თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრა. "დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვალერი გელბახიანი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის არანაირ საშიშროებას, ის ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამემამულე, გახლდათ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი. ახლა უკვე მისი პოლიტპატიმარია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან, მისცეს ვალერი გელბახიანს ავადმყოფი დედის ნახვის შესაძლებლობა და მის მიმართ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით იყოს ჩატარებული.