ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა. საბჭოს წევრები იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური და ალექსი პეტრიაშვილი. პოლიტსაბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
"პოლიტიკური საბჭო უხელმძღვანელებს კოალიციას, მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, გააკონტროლებს ამ გადაწყვეტილებების შესრულებას. პოლიტიკური საბჭო იქნება სტრუქტურა, რომელიც რეალურად გაუწევს ამ კოალიციის მუშაობას კოორდინირებას", - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "რადისონში" გაიმართა. კოალიციაში შედიან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი". კოალიციის სხვა წევრები "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციაში წარმოადგენენ საკუთარ პარტიებს. ივანიშვილის თქმით, დავითაშვილი და ძიძიგური კოალიციის სრულუფლებიანი წევრები არიან.
პრეზენტაციაზე მიღებული იქნა სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილმა, კახა შარტავამ, დავით უსუფაშვილმა და ირაკლი ალასანიამ.