ყირგიზეთის მთავრობა საქართველოს რეფორმებით ინტერესდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 21 თებერვალს, 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას მიიღებს, რომელსაც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ადილბეკ კასილამალიევი ხელმძღვანელობს.
ყირგიზეთის დელეგაციაში ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები შედიან და მათი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქართული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარებაა. ფინანსთა მინისტრისა და ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრის ორგანიზება თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) განახორციელა.