საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" თავისი პოლიტიკური ქარი ქარიშხალი ჰგონია. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე გამართული დებატების დროს დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ განაცხადა.
მაჭავარიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს უმცირესობაში ყოფნის პერიოდი გაუხსენა და აღნიშნა, რომ როცა მას სჭირდებოდა, პრეზიდენტთან დებატებისთვის გამოყოფილი დრო მისაღები იყო.
"ახლა კი, როგორც კი ფრაქციის თავმჯდომარეობა მიიღეთ, აღარ მოგწონთ ის ფორმატი. გინდათ, პარლამენტი შანტაჟის გზით იმ ფორმატზე გადაიყვანოთ, რომელიც თქვენ, პეტრე მამრაძეს და მარსაგიშვილს მიგაჩნიათ სწორად", - მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს.
მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის დიდი ტრადიცია არსებობს და ის არ შეიცვლება.
"ახლა რაღაცა პოლიტიკური ქარის გამო, რომელიც თქვენ ქარიშხალი გგონიათ, ეს ტრადიცია უნდა შევცვალოთ სამი ადამიანის ჭკუის მიხედვით. ამის მოთხოვნით თქვენ გამოდიხართ ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი", - მიამართა პირველმა ვიცე-სპიკერმა დეპუტატს.
მაჭავარიანის თქმით, თუ ფრაქციის შიგნით 15-წუთიან დროს ვერ იყოფენ, ეს უკვე მათი პრობლემაა და სხვა არავისი.