საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" კონტროლის პალატის ხელმძღვენელის, ნათია მოგელაძის განცხადებას პასუხობს. როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოგელაძის ბრალდებებს უკანონო უწოდა.
მისი თქმით, "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელებისთვის მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა.
"ახალი მოთხოვნის მიხედვით, მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებულ ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებულ პირს ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება ჯამში 60000 ლარზე მეტი შესწიროს. საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიციური მუშაკია. მისი თვიური ხელფასი სხვადასხვა საწარმოში ჯამურად 5 000 ლარს შეადგეს. აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიც. მან 2012 წლის 6 თებერვალს კომპანიისგან პრემიის სახით მიიღო 40 000 ლარი, რაც ფაქტობრივად, მისი რამდენიმე თვის ხელფასის და არა როგორც კონტროლის პალატა ავრცელევს რამდენიმე წლის ექვივალენტია. ნუგზარ ხუციშვილმა შემოწირულობის სახით "ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. სახეზეა არა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული მოქმედების განხორციელება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, "კონტროლის პალატის მუქარნარევი მოწოდება უკანონოა და წარმოადგენს აკრძალვების დაწესებას უკვე ფიზიკური პირებისთვის.
""ქართული ოცნება" არ აპირებს შეასრულოს კონტროლის პალატის მორიგი უკანონო მოწოდება და უახლოეს დღეებშიცე ითხოვს ჩვენი 2012 წლის 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების მიტაცებაში და ამჯერად უკვე ფიზიკური პირებუსთვის სრულიად უკანონოდ აკრძალვის დაწესებაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ მოსთხოვა "ქართულ ოცნებას", რომ შპს "ქართუ მშენებელს" უკან დაუბრუნოს შემოწირულობა. როგორც მოგელაძე აცხადებს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია "ქართუ მშენებელში" მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილი შემოწირულობის სახით "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩაირიცხა.
"მაგალითისთვის: მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან" 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი. 2012 წლის 6 თებერვალს, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან" პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას" გადაურიცხა. სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას", - განაცხადა მოგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგელაძის თქმით, მის უწყებას აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება.