პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს, არასამთავრობებთან შეხვედრა დაავალა.
როგორც ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ინიციატივები შესულია, როგორც პოლიტიკური, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
"ვიცი, რომ პავლე კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და კანონში შესული ცვლილებები განუმარტა. თუმცა, ბატონო პავლე, კარგი იქნება, თუ კიდევ შეხვდებით მათ, შემოსულ ინიციატივებს ერთად განიხილავთ და საბოლოდ შეჯერებულ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენთ", - მიმართა კუბლაშვილს ბაქრაძემ.
მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ აღნიშნული კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს გარანტია კანონის ენაზე მეტად გასაგები იქნება და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას შეშფოთება მოეხსნებათ.
შეგახსენებთ, რომ პეტიციით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართეს და მისი შეცვლა მოითხოვეს.
დღესვე ბიუროზე "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში "დაკავშირებული პირის" ტერმინის განმარტებასა და დაზუსტებას ითვალისწინებს.