საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა ქართული ბაზა შუკვანი მოინახულა, 31-ე ბატალიონის სამხედროებს შეხვდა, მათ სიტყვით მიმართა და ხუთ ქართველ ჯარისკაცს თავდადებისათვის სპეციალური ჯილდოები გადასცა.
საქართველოს პირველმა პირმა ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისათვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა და ქვეყნის წინაშე მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, ამ თავდადებული შრომისთვის ქართველ სამხედრო მომსახურეებს ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობით, საქართველო ევროგაერთიანებასა და ნატო-ს კიდევ უფრო უახლოვდება.
"ჩემთვის დიდი პატივია აქ ჰელმანდში თქვენს ბაზაზე ჩამოსვლა,თქვენი ნახვა და სამშობლოდან მოკითხვის გადმოცემა.იმის თქმა, თუ რამდენად ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი იმით, რასაც თქვენ აკეთებთ, იმითი, რასაც ჩვენ ყველანი ვაღწევთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოველთვის ყავდა საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ჯარისკაცები ოფიცრები და გენერლები.
"ქართველები მეთაურობდნენ წარსულში ძლიერ მრავალ არმიას, სპარსეთის არმიებს, ოსმალეთის არმიებს. რუსეთის არმიებს და ბოლოს ქართველი იყო ამერიკის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ანუ მსოფლიოში უძლიერესი არმიის მეთაური რამდენიმე წლის წინ გენერალი შალიკაშვილი. აქაც კი ავღანეთის მიწაზე არა მხოლოდ ამ და წინა საუკუნეებში შუასაუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც აქ ეძახიან. ისინი ითვლებოდნენ აქ რუსული ოკუპაციის დროს ყველაზე გაბედულ მებრძოლებად საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ჩვენი დიდი ტრადიციის გაგრძელება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.