საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ნაციონალურ მოძრაობას წლიური საფინანსო დეკლარაციის შემოწმებისას 95.848 ლარის პრობლემურად მიჩნია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით.
"ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე", - განაცხადა მოგელაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით.
"შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა მოგელაძემ.