საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას თუ როდის შეუდგება საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, იმისთვის რომ ახალმა ელჩმა დაიწყოს თავისი საქმიანობის შესრულება, მთელი რიგი ბიუროკრატიული საფეხურები არის გასავლელი.
"ძნელია სათქმელია ამ დროისთვის თუ როდის შეუდგება ახალი ელჩი თავის საქმიანობას, რადგან ეს არის დროში საკმაოდ გაწერილი პროცესი და მთელი რიგი ბიუროკრატიული საფეხურები არის გასავლელი. რეალურად, ეს წარმოადგენს ჩვეულ როტაციულ ციკლს", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მოქმედ ელჩს ჯონ ბასს თავისი როტაციის ვადა ამა წლის ზაფხულამდე არ ეწურება.
"მოქმედ ელჩს, ჯონ ბასს ამა წლის ზაფხულამდე ვადა არ ეწურება თავისი როტაციის. შესაბამისად, მანამდე ბუნებრივია არავითარ ცვლილებას ადგილი არ ექნება. როდესაც მოხდება ბასის საროტაციო ვადის ამოწურვა, შემდეგ მოხდება ახალი კანდიდატურის განხილვა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. თუ საკანონმდებლო ორგანო ახალი ელჩის კანდიდატურის შესახებ პრეზიდენტის აზრს გაიზიარებს, საქართველოში გამოიგზავნება მომართვა და აგრიმანის აღების დღიდან იგი შეუდგება თავის საქმიანობას", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ახალი კანდიდატურა რიჩარდ ნორლანდი ბარაკ ობამამ 19 თებერვალს დაასახელა.