დღეს, 18 თებერვალს, თეატრ "ნაბადში" წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "დაბადება".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ტურაბელიძე აცხადებს, სპექტაკლს ზარალზე ატარებს. მისი განცხადებით, თეატრი ტურისტებზეა დამოკიდებული, თუმცა 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა, რამაც თეატრის კრიზისი გამოიწვია.
"ჩვენი თეატრი შვიდი წელია არსებობს და თავიდანვე გათვლილი იყო სანახაობაზე, სადაც უცხოელი სტუმარი ქართულ კულტურას გაეცნობა. ამჯერად პროგრამაში გვაქვს "დაბადება", რომელიც ადამ და ევადან მოყოლებული ჩვენი სუფრის თემას და ტრადიციებს ასახავს. თუმცა, ამ თვეში ცოტა ბილეთების გაყიდვის გამო წარმოდგენა არ გაგვიმართავს. თვითდაფინანსებაზე ვართ და ძალიან გვიჭირს", - განაცხადა ტურაბელიძემ.
თეატრში სულ 30-იდან 35-მდე მაყურებელი ეტევა. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 35, 45 და 68 ლარის ჩათვლით მერყეობს. თეატრის მმართველი აცხადებს, რომ მაყურებლის სიმცირეს ბილეთის მაღალი ფასიც განაპირობებს.
"შესაძლოა, მაღალი ფასის გამო არ მოდიან, თუმცა ეს თეატრი გათვლილია შოუზე. მე ვარ ნამყოფი თეატრში, სადაც 250 ლარიდან იწყება შესვლა, ამიტომ მარტო უცხოელებისთვის ვერ გავზრდით ფასს და ქართველებისთვის ვერ დავაკლებთ. მე მაინც პრობლემა გლობალური მგონია", - აღნიშნავს ტურაბელიძე.
სპექტაკლზე მისულ მაყურებელს თეატრში სიმბოლურად, წითელი ღვინით, ჩურჩხელითა და ფელამუშით უმასპინძლდებიან. "ნაბადის" ხელმძღვანელის თქმით, თეატრის გადარჩენის მიზნით სპექტაკლს 6 მაყურებლისთვისაც მართავენ.
"ჩვენ უსასყიდლოდ ვუმასპინძლდებით მათ, ეს სიმბოლურია და ჩვენი ტრადიციის ერთ-ერთი გამომხატველიც გახლავთ. მართალია, 2 ადამიანისთვის შოუს ვერ გავმართავთ, მაგრამ უცხოელების დიდი ინტერესისა და თხოვნის გათვალისწინებით 18 თებერვალს, სპექტაკლს მაინც ვაჩენებთ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ თეატრი არ მოკვდეს და კვლავ განაგრძოს მუშაობა", - განაცხადა მმართველმა.
თეატრში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ 2008 წელს სპექტაკლიც დაიდგა, თუმცა მძიმე სანახაობის გამო "ომის წუთისოფელი" მხოლოდ 3 დღის განმავლობაში იდგმებოდა. თეატრის გახსნის დღიდან კი 2004 წლის, 18 სექტემბერს სპექტაკლი "დაბადება" იდგმება, სადაც ქორეოგრაფიული მუსიკალური შოუ ქართულ ტრადიციებს ასახავს.