გორის რაიონის სოფელ მერეთში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შსს-ის მტკიცებით, აკაკი ელიაშვილმა, ელგუჯა მახარაშვილმა და ჯაბა ელიაშვილმა სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც გლახაშვილი მძიმე ტრავმებით გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
"16 თებერვალს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით. დადგენილი იქნა შემდეგი: მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა 1992 წ.დ. აკაკი კონსტანტინეს ძე ელიაშვილმა, 1990 წ.დ. ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და 1991 წ.დ. ჯაბა ბეგლარის ძე ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ 1987 წ.დ. გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაყვანილი იქნა ქ.გორის სამხედრო ჰოსპიტალში", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
შსს-ს მტკიცებით, გლახაშვილის ცემის ფაქტს არასრულწლოვანი მერაბ გუგუტიშვილიც შეესწრო.
"აღსანიშნავია რომ გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო 1994 წელს დაბადებული მერაბ გუგუტიშვილი რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები, ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც გუგუტიშვილმა დაკარგა გონება", - იუწყება შსს.
აკაკი ელიაშვილი, ელგუჯა მახარაშვილი და ჯაბა ელიაშვილი დაკავებულნი იქნენ დღეს ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
დაკავებულთაგან ჯაბა ელიაშვილი, 2009 წელს ნასამართლევია ს.ს.კ.-ის 236 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და მას შეფარდებული ჰქონდა 3 წლით პირობითი მსჯავრი.