საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდეს ის ხალხი, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვერ მოახერხებენ. როგორც პრეზიდენტმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს პროგრესის გზას დაადგა და დამთავრდა ის დრო, როდესაც დენი, გაზი და ფული მხოლოდ ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს ჰქონდა.
"ადრე ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. ყველა ცხოვრობდა ერთ ქუჩაზე და დენი იყო მხოლოდ იმ ქუჩაზე, გზა იგებოდა მხოლოდ იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მხოლოდ იმ ქუჩიდან და ფული ჰქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე. ამ ცხოვრების დაბრუნება ამ მუქთახორა, არაფრის მაქნის, წარსულში ხალხის ძარცვით გაქსუებულ ხალხს არ გამოუვა. ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს - რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, რა სხვადასხვა ხრიკსაც არ უნდა მიმართონ, რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ, რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი, ჩვენმა ხალხმა უკვე გაუგო გემო პროგრესს და არავის უნდა უკან დაბრუნება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც არის არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, ქართველი ხალხი ყოველთვის სინათლეს აირჩევს.
"სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, ყოველთვის არის არჩევანი მომავალი, რომელშიც ჩანს პროგრესი", - აღნიშნა სააკაშვილმა.