"ქრისტიან-დემოკრატები" წინადადებით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვა ავიდეს უფრო მაღალ, პრიორიტეტულ საფეხურზე და ამისთვის განხორციელდეს მთელი რიგი სხვადასხვა პროფილის ღონისძიებები.
მიმართვა დღეს 10.30 საათზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში მიმართვა შეიტანა.
გაბუნიას თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების პრიორიტეტულ საფეხურზე გადასვლისათის, უნდა განხორციელდეს მთელი რიგი სხვადასხვა პროფილის ღონისძიებები, როგორიცაა სოციალური ინფრასტრუქტურის გამართვა, საქალაქო ტრანსპორტის შესაბამისად ადაფტირება, სამედიცინო-სარეაბილიტაციო პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობა და სხვა.
"ამ საკითხების ეფექტურად გადასაწყვეტად და მასზე ეფექტიანად რეაგირებისთვის საჭიროდ და მართებულად ვთვლით, თქვენთან როგორც მთავრობის ხელმძღვანელთან შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალებით და რომელიც უზრუნველყოფს შშმპ მიმართ არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რათა დაცული იქნას ხსენებული მოქალაქეების უფლებები და ინტერესები", - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებაში.