დღეს, 17 თებერვალს, 14:00 საათზე, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის - კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, აგრეთვე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია საქართველოს პარლამენტს გადაეცემა.
ამ დოკუმენტების საკანონმდებლო ორგანოში შეტანის პარალელურად, პარლამენტთან, საშვთა ბიუროს მხრიდან, გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების აქცია.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელსაც კამპანიის მონაწილეები ფართო საზოგადოებას 16 თებერვალს წარუდგინეს, ხოლო საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენენ.