მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი შექმნას.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარნიორია, აზერბაიჯანი კი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში.
"ბოლო წლებში 800-მილიონიანი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან საქართველოში, რის გამოც უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უამრავ ოჯახს გაემართა ხელი. ახალი რკინიგზა არის მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელიც წელს პრაქტიკულად დასრულდება. ეს რკინიგზა აზერბაიჯანსა და საქართველოს თურქეთის გავლით შეართებს ევროპის რკინიგზასთან. თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ეს რკინიგზა ევროპის მიმართულებით მართლა გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის კარწახში, მაჭახელაში ახალი საბაჟო პუნქტები გაიხსნება.
"ვინაიდან სარფი გავაფართოვეთ, თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან ძალიან იზრდება სავაჭრო ბრუნვა.
"ასევე იზრდება აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. საქართველოს კურორტებს - ბაკურიანს, წყალტუბოს, საირმეს - ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი სტუმრობს, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებას და ჩვენი ტურიზმის სექტორის განვითარებას. აზერბაიჯანის მეშვეობით წელს ძირითადად დასრულდება საქართველოს გაზიფიკაცია. ქართული ოჯახების 80%-ში შევა გაზი. ამ ცივ ზამთარში ჩვენ დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობას. იმ პირობებში, როდესაც ევროპას გაზის მომარაგებით ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა, საქართველოს საერთოდ არ ჰქონია პრობლემა ენერგეტიკული მომარაგების თვალსაზრისით და ეს არის აზერბაიჯანის დამსახურება", - აღნიშნა სააკაშვილმა.