საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იცხაკ გერბერს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქებისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ მიმართული ტერაქტის მცდელობის ფაქტები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვაშაძემ განუცხადა ისრაელის ელჩს, რომ "საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელთაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ თავიანთი ეფექტურობა, სრული სერიოზულობით აღიქვამენ აღნიშნულ ინციდენტს. მიმდინარეობს გამოიძიება, რათა ზემოხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გადაეცეს მართლმსაჯულებას".