"ქრისტიან-დემოკრატები" C ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.
"ჩვენთვის მიუღებელია ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება იჩენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების მიმართ. საქმე გვაქვს პრობლემის იგნორირებასთან, მაშინ, როდესაც საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეგიონში C ჰეპატიტით დაავადებულთა სიმრავლის მიხედვით", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, საუბარია 200 ათას ინფიცირებულზე, რაც მოსახლეობის 6,7%.
"C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ინდივიდუალური დახმარების შემთხვევებს და სხვა პროგრამებში არსებულ ცალკეულ კომპონენტებს. თავად მკურნალობა საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. ხანგრძლივობის მიხედვით საშუალოდ თანხა 12 000-იდან 24 000-მდე მერყეობს. ცხადია, რომ მხოლოდ ერთეულებს აქვთ საშუალება სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეს მედიკამენტები შეიძინონ", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არ ატარებს C ჰეპატიტის ვირუსის პროფილაქტიკას, ქვეყანაში არ მოქმედებს დაავადების პრევენციის პროგრამები და არ ხორციელდება სათანადო კონტროლი იმ დაწესებულებებზე, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.
"ქრისტიან-დემოკრატები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ხოლო მკურნალობის სიძვირიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მთავრობამ უნდა გამოყოს საზოგადოების ის ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო პროგრამა უფასოდ მოემსახურება", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.