„ვფიქრობ „ქართულ ოცნებაში" საბოლოო გადაწყვეტილებებს მისი დამფუძნებელი უნდა იღებდეს და არა სხვა ვინმე", - ასე გამოეხმაურა ბურჯანაძე გაზეთ "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ "ბიძინა ივანიშვილი ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მაგრამ ამას გამორიცხავს თინა ხიდაშელი".
"ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და გადაწყვეტილებებს ის უნდა იღებდეს. თუ ბიძინას მაგივრად გადაწყვეტილებებს თინა ხიდაშელი იღებს, მაშინ ეს ივანიშვილის პრობლემაა, მაგრამ სამწუხაროდ, არა მხოლოდ მისი, არამედ ქვეყნისაც. მე არ ვიცი ჩემი დაბლოკვის შესახებ და არ მინდა, ივანიშვილს შეურაცხყოფა მივაყენო და ვთქვა, რომ მის მაგივრად სხვა იღებს გადაწყვეტილებებს. მას, ალბათ, აქვს არგუმენტები, რატომ არ დგება ჩვენი შეხვედრა. უბრალოდ მას არ სჭირდება თავის მართლება და მე მისთვის ახსნა-განმარტება არ მითხოვია. შეიძლება, მარტივად თქვა, არ მინდა, არ მომწონს და იმიტომ, მაგრამ ნუ დაგვაბრალებენ იმას, რაც მართალი არაა. ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას და პრორუსულობას ნუ დაგვაბრალებენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, მას "არ სურს, ერთ მხარეს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზება იხილოს, მეორეს მხრივ კი - მესიანისტური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ოპოზიციაში მარტო თვითონ უნდა იყვნენ, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ჩვეულებრივ, საპირწონეებისა და ბალანსის სისტემა (ცჰეცკს ანდ ბალანცეს) მოქმედებს".
"რა ტერმინოლოგიაა "შუა უნდა გაიკრიფოს"? რას ნიშნავს ეს?! თუ მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს არცერთი მომწონს და არც მეორე, რატომ უნდა დავდგე მაინცდამაინც ამ ორს შორის არჩევანის წინაშე?! იქნებ, მესამე ძალა მთავაზობს ალტერნატივას, რომელიც შეიძლება, 5-10-15%-ს მოსწონდეს, მაგრამ მათაც აქვთ უფლება, თავისი არჩევანი ჰქონდეთ. 1%-საც აქვს ამის უფლება!", - განაცხადა ბურჯანაძემ.