არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" თავჯდომარის მიხეილ დევდარიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2012 წლის ივნისის თვეში. როგორც მან დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
"იმ ვადებით, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. პარლამენტმა თვითნებურად გაიხანგრძლივა პარლამენტში ყოფნის ვადა. ოტომბერში ჩატარების შემთხვევაში მათი პარლამენტში ყოფნა გაგრძელდება 4,6 წლამდე რაც სრულიად დაუშვებელია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პარლამენტს ამომრჩეველი ირჩევს 4 წლით", - განაცხადა დევდარიანმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დევდარიანი ამბობს, რომ 2013 წლის ოქტომბერში ჩატარება ამ არჩევნების დაუშვებელია, რადგან პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა 10 თვით ადრე - იანვარში იწურება.
"ჩვენ რამდენიმე დღე დაველოდებით გამოგვიჩნდებიან თუ არა თანამოაზრეები და შემდეგ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილება და ჩატარდეს არჩევნები იმ ვადებში რა მანდატითაც საქართველოს მოსახლეობას ჰყავს არჩეული საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა დევდარიანმა.
მისივე მტკიცებით, არჩევნების ივნისში ჩატარება არ გულისხმობს ვადამდელ არჩევნებს, რადგან ეს იქნება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში. დევდარიანის ვარაუდით, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას სიების დაზუსტებისთვის დრო ეყოგა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ 30 დღე ექნება, რომ განიხილოს სარჩელი. თუ სასამართლოს ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა, არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისში", - აღნიშნავს დევდარიანი.