"ქრისტიან-დემკრატიული" მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების წინააღმდეგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმისთვის რომ ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, აუცილებელია, რამდენიმე წინაპირობა, კერძოდ კი უნდა დასრულდეს საარჩევნო სიების გადამოწმება, ასევე შეიქმნას მედიამონიტორინგის განმახორციელებელი სისტემა და უშიშროების საბჭოში მონიტორინგის კომისია, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას გააკონტროლებს.
ვეფხვაძის თქმით, აღნიშნული ინსტრუმენტების შექმნა სწორედ 1-ლი ივლისიდან იგეგემაბა. შესაბამისად საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარება მის სამართლიანობას გამორიცხავს. ამასთან, ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების ვადის გადმოწევა ხელისუფლების და პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის.
"თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების ვადის გადმოწევას მხარს დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს რომ იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ მიგვაჩნია რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ანუ ოქტომბერში უნდა ჩატარდეს", - აცხადებს ვიცე-სპიკერი.