საქართველოს პარლამენტი დიდი ხანია თავის ფუნქციას აღარ ასრულებს, აღარ იღებს ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ კანონებს, - განაცხადა "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ნანა გულუამ. მან ამის მაგალითად „პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონის მიღება დაასახელა.
"ჩვენი პარლამენტარები საპარლამენტო დისკუსიებისა და საკომიტეტო მოსმენების ნაცვლად სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და პროექტებში მონაწილეობენ, მღერიან, საკონკურსო ჟიურის წევრებად გვევლინებიან, სადირიჟორო პულტებთან დგანან, ორკესტრს დირიჟორობენ. ქვეყანაში ერთი დიდი გაუგებარი ტრაგიკომედია თამაშდება. პარლამენტი და ხელისუფლება რეალობას მოწყდა, მისგან კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს და მისითვე იხანგრძლივებს სიცოცხლეს, ქუჩებში კი მოხუცებული ქალები და ბავშვები დგანან და მათხოვრობენ. არავინ იცის მიაღწევენ თუ არა ისინი გაზაფხულს. ჩვენი პარლამენტარები კი უკვე საგაზაფხულო ტურებს გეგმავენ სხვადასხვა ქვეყნებში. საინტერესოა როდის უნდა ჩააბარონ უმრავლესობის დეპუტატებმა ანგარიში თავის ამომრჩეველს? შეგვიძლია კი გავიხსენოთ ერთი პრეცედენტი მაინც, სადაც ჩვენი პარლამენტარები თავის ამომრჩეველს ხვდებიან და უსმენენ? მე ასეთი რამ არ მახსენდება. მაშინ, როდესაც შვედეთის, ჰოლანდიის, ევროპის სხვა ქვეყნების პალამენტარები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში პრესკონფერენციების რიგში დგანან, რომ საზოგადოებას და აღმასრულებელ სტრუქტურებს მოსახლეობის პრობლემები აცნობონ და მათ შესრულებაზე კონტროლი განახორციელონ. არჩევნების შედეგად ჩვენ სწორედ ასეთი პარლამენტი უნდა მივიღოთ, რომელიც პრობლემებზე იმსჯელებს და არ მოექცევა თვითიზოლაციაში, ისე, როგორც ახლა ამას აპირებს პარლამენტი მასმედიისთვის სხდომებზე დასწრების აკრძალვით. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიასაშუალებები ვეღარ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას თვალი ადევნონ და გააკონტროლონ საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რაც კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს გახდის საზოგადოების მონაწილეობას საკანონმდებლო ცხოვრებაში", - აცხადებს პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ლიდერი ნანა გულუა.